ლეგენდა
ქალაქს საფუძვლად ლეგენდა უდევს
და შესაფერი სახელიც ქვია.
და საათები უჩინარ წუთებს
ჯანსაღი გულის სიზუსტით თვლიან
რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ
და ქვებზე ჩუმად გროვდება მტვერი
და ჩასაფრებულ თვალივით ბრწყინავს.
მაინც არავინ არ გარბის არსად,
ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს
სიცოცხლის მარტივ კანონებს გვიხსნის.
გვიხსნის და მიდის და ჩვენს სახელებს
მხიარულ სულში მძევლად იტოვებს
რა უბრალოა ადამიანი!
რა ცოტა ჰყოფნის, რომ იქცეს მიწად
და რა უმწეო ხმებით შრიალებს
რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.
მაინც არავინ არ გარბის არსად
ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს
ის, რაც ზღაპარში მომხდარა მხოლოდ.
ლომის სურნელი დაჰქონდათ ქარებს
და ნთქავდა სივრცეს უდაბნოს ბუღი,
თვალი გარბოდა ოთხივე მხარეს,
სისხლი ხმამაღლა იწყებდა დუღილს.
მაგრამ ყველაზე ვრცელდება თურმე,
თურმე სიკვდილი მოგველის ყველას,
რომელიც უკან მოგვყვება ურმით
იქნება სცოდავ როდესაც ცდილობ
განდევნო შენგან სიკვდილის შიში,
ან როცა ბედი გარგუნებს წილად
დაიცვა შენი მოდგმა თუ ჯიში.
ახლა კი ჩრდილი და მხოლოდ ჩრდილი,
ოდესღაც ჯანით განთქმულ სხეულის
ყოველ საღამოს და ყოველ დილას
ცისკენ მიფრინავს ლოცვად ქცეული.
მაგრამ რა უნდა აკეთოს ცაზე-
შეყვარებულმა ევფრატის შხეფებს,
და დღემდე ეძებს და წველობს ასე
ყოფილი კაცი, გმირი და მეფე
მას ურჩევნია გულზე ეყაროს
და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები
და ისევ ქვეყნად დარჩეს ქვეყანა,
ჯიუტი კაცის თუ ღმერთის ნებით."