ლეგენდა
ქალაქს საფუძვლად ლეგენდა უდევს
და შესაფერი სახელიც ქვია.
და საათები უჩინარ წუთებს
ჯანსაღი გულის სიზუსტით თვლიან
რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ
და ქვებზე ჩუმად გროვდება მტვერი
და ჩასაფრებულ თვალივით ბრწყინავს.
მაინც არავინ არ გარბის არსად,
ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს
სიცოცხლის მარტივ კანონებს გვიხსნის.
გვიხსნის და მიდის და ჩვენს სახელებს
მხიარულ სულში მძევლად იტოვებს
რა უბრალოა ადამიანი!
რა ცოტა ჰყოფნის, რომ იქცეს მიწად
და რა უმწეო ხმებით შრიალებს
რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.
მაინც არავინ არ გარბის არსად
ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს
ის, რაც ზღაპარში მომხდარა მხოლოდ.
ლომის სურნელი დაჰქონდათ ქარებს
და ნთქავდა სივრცეს უდაბნოს ბუღი,
თვალი გარბოდა ოთხივე მხარეს,
სისხლი ხმამაღლა იწყებდა დუღილს.
მაგრამ ყველაზე ვრცელდება თურმე,
თურმე სიკვდილი მოგველის ყველას,
რომელიც უკან მოგვყვება ურმით
იქნება სცოდავ როდესაც ცდილობ
განდევნო შენგან სიკვდილის შიში,
ან როცა ბედი გარგუნებს წილად
დაიცვა შენი მოდგმა თუ ჯიში.
ახლა კი ჩრდილი და მხოლოდ ჩრდილი,
ოდესღაც ჯანით განთქმულ სხეულის
ყოველ საღამოს და ყოველ დილას
ცისკენ მიფრინავს ლოცვად ქცეული.
მაგრამ რა უნდა აკეთოს ცაზე-
შეყვარებულმა ევფრატის შხეფებს,
და დღემდე ეძებს და წველობს ასე
ყოფილი კაცი, გმირი და მეფე
მას ურჩევნია გულზე ეყაროს
და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები
და ისევ ქვეყნად დარჩეს ქვეყანა,
ჯიუტი კაცის თუ ღმერთის ნებით."
ზღაპრის ხიდი

გავდიოდი გაღმა, ხარეს
და ჯადოსნურ ლერწამს ვთლიდი.
თურმე ბეწვის ხიდი იყო,
მე მეგონა ბონდის ხიდი
ვიღაც ქალი ბჟოლას სხეპდა
და ვაზს უმაგრებდა ჭიგოს,
მე მეგონა გლეხის ქალი,
თურმე ღვთისმშობელი იყო…
ვიღაც შუბლზე ხარს კოცნიდა
და მთესვარად ხნულს მისდევდა,
თურმე ქრისტე-ღმერთი იყო,
მე მეგონა გუთნის დედა.
იქ ერთ ბიჭთან ვჭიდაობდი,
ხათრს არ მიტეხავდა ისიც..
თურმე ამირანი იყო,
ძმა ბადრის და უსუპისი.
ერთი გოგო მომეწონა – ი
რმის ჯოგს წველიდა მთაში,
თუ ქალღმერთი დალი იყო,
ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ.
კოლხის ქალი მყავდა ძიძად
– ამორძალი ენამწარე,
ნიშა ხარის სიყვარულიც
იმ მხარეში შემასწავლეს.
დედაჩიტი ბარტყებისთვის
ღმერთს უნთებდა თაფლის სანთლებს.
ჩიტის ლოცვას ყურს ვუგდებდი
და იმ მადლით გავიზარდე.
გზაზე ბერი გადამიდგა…
შემომცინა “ გიხაროდენ “.
- წადი, შვილო, და რაც ნახე,
ქართული ხმით იგალობე.
* * * * * *
- ჩიტო, ჩიტო, ოქროს ჩიტო,
ბავშვობისკენ ფრინდი, ფრინდი,
ბონდის ხიდი მაპოვნინე,
ზღაპრის ხიდი… ოქროს ხიდი.
ვაზის ჯვარი
ხედავ ვაზის ჯვარს?
მაცხოვარი რომ ძალას მატებდა?
მისი ძალაა,დღესაც რომ გვიცავს,იმედს ვეძახით
ვაზი აკრთობდა ჯალალედინებს,
მამულო ჩემო !
მისთვის ვმღერთ:
"შენ ხარ ვენახი"
ღვთის წილ სამოთხემ
კარგად ვიცი,რაც დამიწესა,
ვით დამავალა
ქვეყნის მოვლა და თავდადება,
ცეცხლოვან ხარებს
ვიურვებ და სიყვარულს ვთესავ,
არ გაგიკვირდეთ ,მე მგეშავდა
თვით მგლური ნება .
მამბრეს მუხავ!
ძლიერებას მე შენსას ვენდე.
და სილამაზის უდიდესი,
ძალის შეგრძნებით.
ჩემი მედეა სიმღერებად
გავალეგენდე .
შემინდეთ

შემინდეთ, თუკი გამიტყუა
სამშობლოს სევდამ,
თავისუფლების თუკი მქონდა
მძლავრი შეგრძნება,
თუკი შენების სულ სხვაგვარი
მე მქონდა ზნე და
თუკი ვერ ვპოვე იმ ყოფაში
კაცური შვება…
სიტყვასთან ჭიდილს შევალიე
ძალა და გზნება…
მამბერ

ვიდრე ცერზე ფიცხლივ დგომა უხარია
და დიდოუ ნანა უსალბუნებს ყურს,
უხსოვარი სისხლი მაჩუხჩუხარია,
მკერდი, მოგუგუნე, მამულისთვის ხურს,
შეუძახე იბერს, ვიდრე კიდევ მხნედ არს
და საბედისწეროს უმკლავდება რულს,
იქნებ დაგიჯეროს პირველი ცის მხედარს,
რომ ხალიბი კვეროს, გაუფრთხილდეს რჯულს,
დიდი გარჯა გველის და ფილტვების დამბერ
სიმღერასაც ვეტყვით ამ დროებას, კრულს.
იქნებ ერთი მგელიც მოგვაშველო მამბერ,
თორემ ტურის ხროვა ღრენას ბედავს მტრულს.